გარეთ ბეილი შესაძლოა „სევილიას“ მფლობელი გახდეს

მადრიდის „რეალის“ ყოფილი ვარსკვლავი გარეთ ბეილი საინვესტიციო ფონდს უწევს კონსულტაციას, რომელსაც „სევილიას“ შეძენა სურს.
ესპანური მედიის ცნობით, მადრიდის „რეალის“ ყოფილი ვარსკვლავი, გარეთ ბეილი, შესაძლოა ლა ლიგაში სრულიად ახალი ამპლუით დაბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, უელსელი ფეხბურთელი კონსულტაციას უწევს ერთ-ერთ საინვესტიციო ფონდს, რომელიც „სევილიას“ აქციების შეძენით არის დაინტერესებული. ბეილი სათავეში უდგას ერთ-ერთ ჯგუფს, რომელიც ანდალუსიური კლუბის შესყიდვის შესაძლებლობას განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ „სევილია“ მას შემდეგ რჩება ბაზარზე, რაც რამდენიმე თვის წინ სერხიო რამოსის მიერ ინიცირებული გარიგება ჩაიშალა. მას შემდეგ კლუბი აქტიურად ეძებს ახალ ინვესტორს. როგორც ირკვევა, ბეილს უკვე ჰქონდა მოლაპარაკებები კომპანია Sevilla HD Ventures-ის ხელმძღვანელებთან, რომელსაც საუდელი ძმები, მანსურ და ჰაიდერ საიედები ფლობენ. ესპანური კლუბების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც „ვალენსიას“ აქციების 42% ამერიკულმა Pitchwise Holdings-მა შეიძინა.
ბეილის ჯგუფის გარდა, კლუბის შეძენით დაინტერესებულია ე.წ. „მესამე გზის“ ჯგუფი, რომელსაც სევილიელი მეწარმეები, ფედერიკო კინტერო და ანტონიო ლაპი ხელმძღვანელობენ. ამ ეტაპზე ეს ერთადერთი მხარეა, რომელმაც კლუბის ხელში ჩასაგდებად ოფიციალური და კონკრეტული წინადადება წარადგინა.
ფინანსური კრიზისი და მომავალი
ვინც არ უნდა გახდეს კლუბის ახალი მფლობელი, მას სერიოზული ფინანსური პრობლემების მოგვარება მოუწევს. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში „სევილიამ“ თითქმის 290 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი დააგროვა. 2025-26 წლების სეზონიც წამგებიანი აღმოჩნდა — კლუბის დეფიციტმა 31,8 მილიონი დოლარი შეადგინა, მიუხედავად ხარჯების შემცირების მცდელობისა.
შიდა რესტრუქტურიზაციამ, რომელიც პირველ გუნდსა და მთლიანად ორგანიზაციას შეეხო, ფინანსური ბალანსის აღდგენა ვერ შეძლო. შესაბამისად, ახალ ინვესტორს, აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენის გარდა, კლუბში მინიმუმ 93 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს. ეს თანხა აუცილებელია იმისათვის, რომ „სევილიამ“ ფინანსური სტაბილურობა დაიბრუნოს და შემოსავლები ხარჯებს გაუთანაბრდეს.
იხილე მომავალი მატჩების სტატისტიკა და მოლოდინები კუთხურებზე, ბარათებზე და სხვა ინციდენტებზე.
მატჩები →